პოლიციამ “ქურდული სამყაროს” წევრობის და “ქურდული სამყაროს” წევრისთვის
მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავა. დაკავება ერთდროულად თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში მოხდა. ინფორმაციას შსს-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, “ქურდული სამყაროს” წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ “კანონიერი ქურდს”, ნიკოლოზ ფურცხვანიძეს – მეტსახელად “ბურდღუნიჩას” მიმართეს.
“ქურდული სამყაროს” წევრებს შორის, რომლებიც მოდავე მხარეებს წარმოადგენდნენ, სატელეფონო ქურდული გარჩევა შედგა, რომლის შედეგადაც, ერთ-ერთ მხარეს 8,700 ევროს ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა. “ქურდული სამყაროს” წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, ნ.შ.-ს და დ.მ.-ს, დაკისრებული თანხა ბრალდებულების ანგარიშებზე ჩაარიცხინეს,”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ “კანონიერ ქურდს” უკავშირდებოდნენ.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე