რამდენიმე დღეა ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესი განახლდა.
მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების იმერეთის ოფისის წარმომადგენლის, ირაკლი მხეიძის თქმით, ამ ეტაპზე ქარხნის ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ადმინისტრაციამ ხელშეკრულება მოამზადა, თუმცა, დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის.
“დოკუმენტი ჯერ არ მოუწოდებიათ. ჩვენ მასში 5 ძირითადი პუნქტის შეტანა მოვითხოვეთ. მათ შორის არის შრომის უსაფრთხოება, რაც სპეც ტანსაცმელს, გამწოვი სისტემის განახლებასა და სხვა მოიცავს. არ არის მოწყობილი აბაზანა, სასადილო, სამუშაო ადგილზე არ არის ნორმალური ტემპერატურა და სხვა,”-ამბობს მხეიძე.
ირაკლი მხეიძე აცხადებს, რომ მათთვის უცნობია თუ რა ვადებში მიაწოდებს ადმინისტრაცია დასაქმებულებს ხელშეკრულებებს. მისივე განმარტებით, მუშების ქმედებები ქარხნის წარმომადგენლობის ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”