ხონში ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია 2020 წელს უნდა დაიწყოს. მუნიციპალიტეტის მერის,
ლადო ჯურხაძის თქმით, პროექტში ცვლილებები შევიდა, რის გამოც სამუშაოების დაწყების ვადებმა 2020 წელში გადაინაცვლა.
,,პროექტში შევიტანეთ ცვლილებები. ეს მოხდა მოსახლეობის გამოკითხვიდან გამომდინარე. გადმოვიდა ეს პროექტი 2020-ში და წელს განვახორციელებთ. ღირებულება არის დაახლოებით მილიონ 200 ათასი ლარი. გვინდა ისტორიული სახე შეინარჩუნოს და მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავთ.
მოეწყობა ბავშვებისათვის გასართობი მოედანი, მწვანე საფარი მოწესრიგდება, თანამედროვე სტილის განათება გაკეთდება და შემოიღობება.”- განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.
სამუშაოებს რეგიონალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. ხონის ცენტრალური ბულვარი მე–19 საუკუნის 40–იან წლებში არის გაშენებული. უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები აქ ნიკო დადიანს უსასყიდლოდ ჩამოუტანია.
ამ ბულვარშია გადაღებული “იმერული ესკიზების” რამდენიმე ეპიზოდი.
ფოტო: გვერდი ,,ხონელები”