სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო მესას დაესწრო.
საზეიმო მესა, რომელსაც ადგილობრივებთან ერთად ტურისტები ესწრებოდნენ, პადრე გაბრიელმა აღავლინა. მესის დაწყებამდე გუბერნატორმა შეკრებილებს ქრისტეშობა მიულოცა.
“ქრისტეს შობას ვულოცავ ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს ამ დღესასწაულს, მშვიდობას, სიკეთეს, კეთილდღეობას გისურვებთ. მინდა, ის წვლილი და ღვაწლი გავიხსენო, რომელიც ქუთაისელმა კათოლიკეებმა შეიტანეს არა მარტო ქუთაისის, არამედ მთლიანად საქართველოს კულტურის, ხელოვნების, მედიცინის, ზოგადად მეცნიერების განვითარებაში. ამისთვის საკმარისია ვახსენოთ ზაქარია ფალიაშვილი, სიმონ ოცხელი, სვიმონ ყაუხჩიშვილი, პეტრე ოცხელი, ფელიქს ვარლამიშვილი… მე-19 საუკუნის ბოლოს, გასაბჭოებამდე სწორედ ქუთაისელი კათოლიკეები, წარმატებული და პროგრესული მეწარმეები ქმნიდნენ ქართულ ეკონომიკას. ის, რომ დღეს, ამ ქალაქში 21 -ე საუკუნეში მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციის თანახმად გვერდიგვერდ კვლავ ცხოვრობენ, ებრაელები, მართმადიდებლები და კათოლიკეები არის ქართველების ტოლერანტულობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. ყოველი ჩვენთაგანი უნდა ამაყობდეს იმით, რომ ცხოვრობს ამ მულტირელიგიურ და მულტიკულტურულ ქალაქში. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ ეს ნიშა და ეს რეალობა, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი ეროვნული ღირსების საკითხი”, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.