გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 იანვრიდან დღემდე, იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 438 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი – 1 415 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.
,,იმერეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 438 სამართალდარღვევა გამოავლინეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 422 ფაქტი, აჭარაში – 372, ქვემო ქართლში -300, შიდა ქართლში – 211, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 193, მცხეთა-მთიანეთში – 99, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 56, გურიაში კი, უკანონო ტყითსარგებლობის 51 ფაქტი დაფიქსირდა.
თბილისში, მიმდინარე წელს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 21 100 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 551 ფაქტი და ამოღებულია 225 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.”- აღნიშულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 199 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.