მინიმალური ხელფასს ოდენობა შესაძლოა 500 ლარით განისაზღვროს. მინიმალური
ხელფასის განსაზღვრის მოთხოვნით კანონპროექტი პარლამენტში პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა დაარეგისტრირა. მისი განცხადებით, არ შეიძლება ადამიანები სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ იმაზე ნაკლები ანაზღაურებით ვიდრე საარსებო მინიმუმია.
,,დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ. ეს კანონი დაარეგულირებს მინიმალური ხელფასის საკითხს. ჩვენი კანონპროექტის მიხედვით მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საშუალო ხელფასის 45 პროცენტი, რაც დღევანდელი მონაცემებით გამოდის 500 ლარი დარიცხული და ხელზე 400 ლარი. ეს უნდა იყოს ქვედა ზღვარი. გამომდინარე იქედან, რომ დღეს რეალური საარსებო მინიმუმი არის 380 ლარი. არ შეიძლება ადამიანები სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ იმაზე ნაკლები ანაზღაურებით ვიდრე საარსებო მინიმუმია.” – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მან ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათზე, ვისის წლიური ბრუნვა 500 ათას ლარი აქვთ, ეს კანონი 5 წლის განმავლობაში არ გავრცელდება.
,,რაც შეეხება მცირე ბიზნესს, რაზეც იყო წუხილი, ბიზნესი, რომლის ბრუნვაც არის 500 ათასი ლარი მასზე ეს კანონი არ გავრცელდება 5 წლის განმავლობაში, რათა ისინი მოემზადონ და შესაბამისად არ დაკარგონ მოტივაცია, რომ გაიზარდონ. თუ არ დავაწესებთ ჩვენ მინიმალურ ხელფასს სხვა შემთხვევაში შესაბამისად, ადამიანები, მშრომელები, მათი რიცხვი 229 ათასი ადამიანია, რომელთაც აქვთ 500 ლარზე ნაკლები, მათ ხელფასის სახით არ აქვთ იმდენი შემოსავალი, რომ ელემენტარული ყოველდღიური საჭიროებები დაიკმაყოფილოს.”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საქართველოში მინიმალური ხელფასის განაკვეთი კერძო სექტორში მომუშავეებისთვის 20 ლარია, ხოლო საჯარო სექტორში მინიმალური ხელფასი 150 ლარს შეადგენს.