ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მოსახლეობა სატრანსპორტო მოძრაობის
მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზებრა გადასასვლელებით ვერ სარგებლობენ, რადგან ადგილზე არც შუქნიშანია და არც სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები. მოქალაქეების თქმით, ბოლო თვეებში ავტოსაგზაო შემთხვევით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
“ვითხოვთ, რომ მოგვაქციონ ყურადღება. მანქანები ზებრასთან არ აჩერებენ, არც შუქნიშანია. ზებრა გადასასვლელით სარგებლობის გვეშინია,”-ამბობენ ადგილობრივები.
აქციას პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში, პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა არსებობს.
“შესაძლოა, ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახადონ. ან მიწისქვეშა გადასასვლელი გააკეთონ, ან შუქნიშანი დაკიდონ,”-ამბობს წულაია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდება, აქციებს კვლავ გააგრძელებენ და გზას გადაკეტავენ.