რუსთავის, ქუთაისის და ზუგდიდის ცხოველთა თავშესაფრის პროექტირება მიმდინარეობს.
ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
,,საპროექტო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. რაც შეეხება მშენებლობას, თავშესაფრების განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად ახორციელებს მოლაპარაკებებს დონორ ორგანიზაციებთან, რათა დროულად მოხდეს დანარჩენი თავშესაფრების მშენებლობაც. ცხოველთა ყველა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი “ქოლცენტრი”, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.” – წერია განცხადებაში.
პროექტის დასრულების შემდეგ ქვეყნის ექვს მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სრულად უნდა მოგვარდეს.