“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციამ სტუდენტებისათვის
განახევრებული სამგზავრო ტარიფების შემცირების მოთხოვნით ინიციატივა მერიაში დღეს შეიტანა. ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა საჩვენებელი აქციაც მოაწყვეს. მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2020 წლიდან ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება, სამოქალაქო ტრანსპორტში სტუდენტებისათვის სამგზავრო გადასახადი უნდა განახევრდეს.
“2020 წლიდან ტრანსპორტი მუნიციპალური ხდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე ტენდერი გამოაცხადა. ვფიქრობ, ჩვენი ინიციატივა არის დროული და ლოგიკური. ვითხოვთ, ქუთაისელ სტუდენტებს მგზავრობაზე 50 %-იანი შეღავათები დაუწესდეთ. ქუთაისელი სტუდენტები ანალოგიური შეღავათებით უნდა სარგებლობდნენ ისევე, როგორც სტუდენტები თბილისსა და ბათუმში,”-განაცხადა კიკვაძემ.
პარტიის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის შექმნას და მასში სტუდენტების ჩართვასაც ითხოვენ.
გასულ კვირაში სტუდენტების 500-მდე ხელმოწერა შეგროვდა.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”