საიამ სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სისხლის სამართალწარმოება ხარვეზებით მიმდინარეობს, თუმცა, გარკვეულ საკითხებში გაუმჯობესებული მიდგომები შეინიშნება. ანგარიში 2018 წლის მარტის თვიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, 2700-ზე მეტი სასამართლო პროცესის დაკვირვების შედეგების მიხედვით მომზადდა.
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა, რომ აღკვეთის სახით ისევ ორი სახის ღონისძიება გამოიყენება- ეს არის გირაო და პატიმრობა. ასევე, პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი გაზრდილია. კრიტიკულად მაღალია სასამართლოს მხრიდან პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელიც. მკვეთრად არის გაზრდილი პირველი წარდგენის სხდომაზე დაკავებულის სტატუსით წარდგენილი ბრალდებულების რაოდენობა. პატიმრობის პერიოდული გადასინჯვის საკითხიც პრობლემატურია, 90 %-ზე მეტ შემთხვევაში საერთოდ არ შეცვლილა პატიმრობა გადასინჯვის შემდგომ და 70%-ზე მეტ შემთხვევაში მაზე სათანადო მსჯელობა არ ყოფილა.
“ის საკითხები, რაც პრობლემატური იყო წინა წლებში, ახლაც პრობლემატურია. განსაკუთრებით გაზრდილია პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი და კრიტიკულად მაღალია სასამართლოს მხრიდან პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელიც. პრობლემებია მისი დასაბუთების ნაწილში. დაუსაბუთებლობა 15 %-მდე გაიზარდა,”-აცხადებს საიას სისხლის სამართლის ანალიტიკოსი, მერაბ ქართლელიშვილი.
ქართლელიშვილის თქმით, დადებითი ტენდენცია სასამართლოს მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტების განხილვაზე შეინიშნება. მისი განმარტებით, სხდომებზე რომელიმე მხარის მიმართ მიკერძოება არ გამოვლენილა.
საიას მე-13 ანგარიში ქუთაისის, თბილისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების მიხედვით მომზადდა.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”