ქუთაისისათვის მუნიციპალური ტრანსპორტის შესაძენად ტენდერი გამოცხადდა.
ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდი აქვეყნებს. მათი ინფორმაცით, ქუთაისთან ერთად მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისათვის მოხდება. ფონდი ჯამში სულ 175 ავტობუსს შეიძენს.
,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ავტობუსებისა და შესაბამისი მომსახურების შესყიდვა. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტისთვის – ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი ავტობუსების შესყიდვას.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისში 60 ერთეული ახალი ავტობუსი 2020 წლის დასაწყისში შემოვა და ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება. ავტობუსები იქნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული. ტენდერი ორ ლოტად გამოცხადდა, პირველი ლოტით გათვალისწინებულია 117 8.5 მეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის შეძენა.