ქუთაისელი არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი ხელისუფლებას
ქუთაისის ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციის გეგმას სთავაზობს. როგორც დვალიშვილი ამბობს, მოედნის რეაბილიტაციის შემთხვევაში, ტერიტორია ტრანზიტული მოძრაობისაგან განიტვირთება.
“ცენტრალური ბაღის მიმდებარე, ფალიაშვილისა და რუსთაველის ქუჩების მონაკვეთები მოედნის ჩათვლით, წარსულში არასწორი რეკონსტრუქციის შედეგად, ბაღთან შედარებით მაღალ ნიშნულზეა. საჭიროა, ამ ტერიტორიებზე საფარის მოხსნა და ბაღის ისტორიულად კულტურული ფენის ნიშნულამდე დაყვანა, რის შემდეგაც ფუნქციონალურად და ასევე, ვიზუალურად გაერთიანდება მოედანი, ბაღი, ფალიაშვილისა და რუსთაველის ქუჩების მონაკვეთები. მოედანის ნიშნულის დაწევა ბაღის ნიშნულამდე მოგვცემს საშუალებას, მოედანზე მოვაწყოთ ტერასული სართული 3000 მ2 და ავტოსადგომი 300 ავტომობილზე. ამავე დროს, ტერასული სართული შეასრულებს პირველი სართულის ფუნქციას მუზეუმის მხარეს ასარეკონსტრუქციო შენობებისათვის. რეკონსტრუქციის შედეგად, მოედნის აღმოსავლეთით განთავსდება შემდეგი დანიშნულების ობიექტები: “მაკდონალდსი”, სასტუმრო კომპლექსი, თბილისის ქუჩის დასაწყისში ტრიუმფალური თაღი გაბარიტული საათით და ქანდაკებით, ეთნოგრაფიული მუზეუმის განყოფილება. მოედნის ნიშნულის დაწევა ასევე გამოაჩენს სობორის საძირკვლების ნაშთებს, რაც ვიზუალურად ჩაეწერება მოედნის დიზაინში, რასაც მნიშვნელობა აქვს არქეოლოგიისა და ტურიზმის თვალსაზრისით. მესხიშვილის თეატრის ეზომ და შემორაგვამ დაკარგა სამეურნეო დანიშნულება (გათბობისათვის ინახებოდა ნახშირის დიდი მარაგი). დეკორაციის საწყობის წრიული ფორმით დაპროექტებით შესაძლებელია, მოედანი გაფართოვდეს, რაც განტვირთავს მოედანს ტრანზიტულ მოძრაობისაგან,”-ამბობს არქიტექტორი.