საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
“ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას,”-აცხადებენ სამინისტროში.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200,26 მილიონი ლარია.
ქუთაისი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილია 4 ლოტად. 3 ლოტს, ქართული კომპანია “ბლექ სი გრუპი” აშენებს, ერთს კი აზერბაიჯანული კომპანია “აკორდი”.
ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება.
ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო