წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკში, სვანების დასახლებაში,
მოსახლეობა გზის მოწყობას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია, ხელისუფლებამ 3 კმ-იანი გზის დაგება ვერ შესძლო. სვანების დასახლებაში მცხოვრებლების თქმით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო უნაბში ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა გადაადგილდება. ადგილობრივები ტრანსპორტით ვერ სარგებლობენ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. უბნის მცხოვრებლების განმარტებით, მერიის წარმომადგენლები ადგილზე დღესაც მივიდნენ და უთხრეს, რომ გზის მოწესრიგება იგეგმებოდა და საპროტესტო აქცია არ უნდა გაემართათ.
“წლებია გზის მოწყობას ვითხოვთ. არის დაპირებები, თუმცა, მერიაში ტყუილად დავდივართ. დღეს მოვიდნენ და საბუთები გვაჩვენეს გზას მოვაწესრიგებთო, რათა აქცია არ ჩაგვეტარებინა. ტრანსპორტი ჩვენთან არ დადის, ტაქსი არ მოდის. სასწრაფოს უბნამდე მოსასვლელად ნახევარ საათზე მეტი სჭირდება. ხან გარდაცვლილი ხვდება ავადმყოფი ან ჩვენით ვასულიერებთ. ვერც სამსახურში დადის ხალხი,”-ამბობენ ადგილობრივები.
გზის გარდა, მოსახლეობა სანიაღვრე სისტემის, გარე განათების, ტრანსპორტის მოწესრიგებასა და სათამაშო მოედნის მოწყობას ითხოვს.