გარე განათების ქსელისა და მრიცხველების შემოწმებაში ქუთაისის მერიამ 715
ათას 600 ლარი დახარჯა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა.
დოკუმენტის თანახმად ქუთაისის მერია ვერ ასაბუთებს რატომ დაჯდა ქსელის შემოვლა-დათვალიერებასა და მრიცხველების შემოწმება 715 ათას 600 ლარი. გარდა ამისა, აუდიტის სამსახურს კითხვები ჩატარებული ტენდერის შესახებაც აქვს.
,, ქ. ქუთაისის მერიამ გარე განათების ქსელის სანათი წერტილების, შუქნიშნებისა და ვიდეო- სამეთვალყურეო სისტემების საექსპლოატაციო მომსახურების შესყიდვის სატენდერო პროცესი ისე წარმართა, რომ 2015, 2016 და 2017 წლების სავარაუდო ღირებულება არ ეფუძნებოდა რეალურ გათვლებს. მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ქსელის შემოვლა-დათვალიერებასა და მრიცხველების შემოწმებაში 715.6 ათასი ლარის გადახდა. აუდიტის ჯგუფმა ასევე ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ. ამდენად, დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად 715.6 ათასი ლარი დაიხარჯა არაეფექტიანად. ასევე გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის ტენდერის ფარგლებში სანათების შესყიდვის განხორციელებამ, სანათების შესაძლო მიმწოდებლებს არ მისცა ტენდერში მონაწილეობის საშუალება, რის შედეგადაც შეიზღუდა კონკურენცია და მერიამ სანათები საბაზროზე არსებითად მაღალი ფასით შეიძინა.”- წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გიგა შუშანია ამბობს, რომ აუდიტის ანგარიში ქუთაისის მერიაში კორუფციის ფაქტების არსებობას ადასტურებს. მისი თქმით, გაუგებარია რატომ დაიქირავა მერიამ მრიცხველების შესამოწმებლად კომპანია მაშინ, როცა ამის საჭიროება არ იყო.
,,აფიორა ხომ უნდა მოგივიდეს თავში. როდესაც მრიცხველებია გარე განათებაზე დაყენებული და ავტომატურ რეჟიმში იხდის მერია, ცალკე დაქირავებული იყო კომპანია, რომელიც თითქოს შემოვლებს აკეთებდა და ამაზე ათასობით ლარი დახარჯეს.”- განაცხადა გიგა შუშანიამ.
დახარჯული თანხის მიზნობრიობის შესახებ ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.