ეკონომიკის მინისტრი ტყიბულში ჩავა. ნათია თურნავა “საქნახშირის” ხელმძღვანელობასა
და მეშახტეებს შეხვდება. თურნავა მუნიციპალიტეტში პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩავა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ინვესტორ კომპანიას სიტუაციის დასარეგულირებლად აქვს გარკვეული გეგმა.
“პრემიერ-მინისტრმა დამავალა, რომ ადგილზე ჩავიდე არა ვითარების გასაცნობად, რადგან ძალიან კარგად ვიცით არსებული ვითარება. მოგეხსენებათ, პირადად მე, წლებია ამ სისტემაში ვმუშაობდი და ვიცი, რა პრობლემები აწუხებს დღეს ჩვენს მეშახტეებს – ამ ძალიან რთული და ამავდროულად საჭირო პროფესიის წარმომადგენლებს. ჩემი დავალებაა, ჩავიდე და კიდევ ერთხელ გავიარო ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა დეტალი, თუ რატომ წარმოიქმნა პრობლემა კონკრეტულად ხელფასებთან დაკავშირებით და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, ტყიბულში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მეშახტეები ხელფასების დარიცხვას და შახტში მუშაობის განახლებას ითხოვენ.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე