ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქციები განაახლეს.
მეორე დღეა გაფიცულები მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან იკრიბებიან. მეშახტეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი კუთვნილი ხელფასების დარიცხვას ამ დრომდე ელოდებიან. შახტიდან ამოსვლაზე უარს კვლავ აცხადებს 30 მუშა.
“ჩვენი მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება. ისევ ველოდებით პასუხს კომპანიისაგან და მთავრობისაგან. გვაინტერესებს რა გველოდება და შახტებში მუშაობა როდის განახლდება. ვაგრძელებთ ისევ საპროტესტო აქციებს, შახტაში კვლავ რჩება 30 მეშახტე და უარს აცხადებენ ამოსვლაზე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, მივიღებთ რადიკალურ ზომებს,”-განაცხადა მეშახტე ონისე საპანაძემ.
შეგახსენებთ, ტყიბულში საპროტესტო აქციები გუშინ დაიწყო. აქციის მონაწილეები კომპანიის ადმინისტრაციას შეხვდნენ, თუმცა შეხვედრიდან გამოსულმა მეშახტეებმა განაცხადეს, რომ მათ კითხვებზე დაზუსტებული პასუხები ვერ მიიღეს.