“ქუთაისის თეატრი”-მესხიშვილის თეატრის შესახებ წიგნის გამოცემას ითხოვენ.
იდეა, მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების პროექტის ფარგლებში, მერიის ვებ გვერდზე მაია პაქსაშვილმა წარადგინა. ინიციატივის ავტორის განმარტებით, თეატრის თითქმის 160-წლიანი არსებობის განმავლობაში, მის შესახებ არც ერთი ტიპის ნაშრომი არ შექმნილა.
“ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ქალაქის იდენტობის განუყრელი ნაწილია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქუთაისი, როგორც ქალაქი. მესხიშვილის თეატრს, თავისი მდიდარი ისტორიით და შენობას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეულ ძეგლს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქალაქის ღირსშესანიშნაობათა შორის. მესხიშვილის თეატრი თავისი მდიდარი ისტორიით კი, არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთელი ქართული თეატრალური ხელოვნების და ზოგადად კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია. უცნაურია, მაგრამ მესხიშვილის თეატრის ისტორიის (თითქმის 160 წლის) განმავლობაში, დღემდე არ გამოცემულა მისი ისტორიის და თანამედროვეობის ამსახველი ფუნდამენტური ნაშრომი, დართული მრავალფეროვანი ილუსტრაციებით. აღსანიშნავია, რომ ათწლეულების განმავლობაში არ შექმნილა მცირე ფორმის კატალოგიც კი, რომელიც ასახავდა ქუთაისის თეატრის ისტორიას და მის დღევანდელობას. სწორედ ამიტომაც, პრობლემის გადაჭრის მიზნით, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეიქმნას პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ ფუნდამენტური ნაშრომი მესხიშვილის თეატრზე, რომელსაც თან დაერთვება ილუსტრაციები, რომელიც ასახავს თეატრის ისტორიას (მოყოლებული XIX საუკუნიდან) და მის დღევანდელობას,”-წერია ინიციატივის აღწერაში.
იდეის ავტორი მიიჩნევს, რომ ნამუშევარი თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა უნდა მოამზადოს.
შეგახსენებთ, მერიის ვებ გვერდზე ქუთაისში განსახორციელებელი ინიციატივა 90-მდე მოქალაქემ დაარეგისტრირა. შერჩეული ინიციატივა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.