30 ივლისს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ქუთაისში არტ-ინსტალაცია “უხილავნი ჩვენს შორის” წარადგინა, რომელიც ასახავს ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალურ ისტორიებს. კამპანია ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. კამპანია დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
,, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ტრეფიკინგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართა არტ-ინსტალაცია ,,უხილავნი ჩვენს შორის”. წარმოდგენილია კონკრეტული შემთხვევები ტრეფიკინგის მსხვერპლების შესახებ. აქ აქციით ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ პრობლემის გადაჭრაში”. – განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა ნათია ახალაიამ.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას შეუერთდა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
,,დღევანდელ აქციას საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შეუერთდა. ვფიქრობთ, რომ უვიზო მიმოსვლა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ არ გახდე ტრეფიკინგის მსხვერპლი. სწორად უნდა იცოდე ინფორმაცია თუ როგორ უნდა გადაადგილდე. ჩვენ შევუერთდით ამ აქციას საინფორმაციო მასალებით, რომლებიც ევროკავშირის შესახებ 10 მითს შეეხება და უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფორმაციას.”- განაცხადა ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.
კამპანია “უხილავნი ჩვენს შორის” აღიარებულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო რეგიონალურ ინიციატივად. ინსტალაცია პირველად 2014-2015 წლებში განთავსდა უკრაინაში და 2016 – 2017 წლებში გადაინაცვლა ბელარუსსა და მოლდოვაში. 2018 წელს კამპანიას თბილისმა და ბათუმმა უმასპინძლა.