ქუთაისში მდებარე სამკერვალო საწარმო “ქუთექსში” დასაქმებულებმა აქცია გამართეს.
მათ საწარმოში არსებული სამუშაო პირობები გააპროტესტეს. “ქუთექსის” თანამშრომლები ამბობენ, რომ კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ, სამუშაო საათებს ძალით აცდენინებენ და შვებულებით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ მსგავსი მდგომარეობა ერთი წელია გრძელდება და მათთან ამ დროის განმავლობაში საწარმოს ხელმძღვანელი მოლაპარაკებაზე არ წამოსულა.
“ბევრი პრობლემა გვაქვს. ხელფასებს არ გვიხდიან, თავიანთი მიზეზით სახლში გვსვამენ, საქმით ვერ გვამარაგებენ. გარდა ამისა, შვებულებით ჯერაც არ გვისარგებლია. არაკანონიერ არაფერს ვითხოვთ, ელემენტარული ხელფასი გვაქვს და იმასაც ვერ ვიღებთ,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი ირაკლი მხეიძე იმყოფებოდა.
“ქუთექსის” ადმინისტრაცია ძალიან უხეშად ლახავს დასაქმებულთა შრომით უფლებებს, კერძოდ, აგვიანებენ ხელფასებს, უარყოფენ შვებულების უფლებას, მიმდინარეობს თანამშრომელთა იძულებით მოცდენა და განაცდურს არ ანაზღაურებენ. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და შრომის კოდექსს,”-ამბობს მხეიძე.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დავა სასამართლოში გაგრძელდეს.