ქუთაისში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მორიგი
აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა ქალაქის მასშტაბით ფლაერები დაარიგეს, რომლებზეც 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შედეგები დაიტანეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საზოგადოებას მომხდარი ტრაგედია არ უნდა დაავიწყდეს.
“ვარიგებთ ფლაერებს წარწერებით “გახარია წადი”. გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის ტრაგიკული ამბები, რომლებიც აქციის დაშლას მოჰყვა და რომელმაც ახალგაზრდების თვალების დათხრა გამოიწვია. მითხარი, წავიდეს თუ არა გახარია და გეტყვი, ვინა ხარ შენ,”-განაცხადა აქციის მონაწილემ და “პოსტერუმ ქუთაისის” წევრმა, ზურაბ კოსტავამ.
აქცია რამდენიმე ქალაქში პარალელურ რეჟიმში გაიმართა.
20 ივნისის ღამეს თბილისში გამართულ აქციაზე მხედველობა 3-მა მოქალაქემ დაკარგა, ერთი დაშავებული კვლავ მართვით სუნთქვაზეა. ასევე, დაშავდა მედიის 38 წარმომადგენელი და დააკავეს აქციის 305 მონაწილე.