ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე “სავანეს” მფლობელებმა
მერიის წინ აქციები დროებით შეწყვიტეს. აქციების შეწყვეტის მიზეზად კი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ასახელებენ.
“მოგეხსენებათ,რომ ყოველ დღე ვატარებდით აქციებს მერის გადადგომის მოთხოვნით. თუმცა ვითვალისწინებთ რა, იმ რთულ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც დღითიდღე ხდება ქაოტური, მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით შევწყვიტოთ ჩვენი აქციები,დაველოდოთ რაც შეიძლება მალე სიტუაციის განმუხტვას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ,რომ ვართ სრულიად არა პარტიულები და ვმოქმედებთ მხოლოდ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს ქალაქის მთავარი ინტერესი კი სიმშვიდეა. იმედს ვიტოვებთ, რომ უმოკლეს ვადებში ქვეყანა დაიბრუნებს სტაბილურობას და ჩვენც განახლებული ძალებით გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩავთვალოთ ეს არის დრო,რომელიც “მერს” ეძლევა დასაფიქრებლად!”- აცხადებს გიორგი ტურაბელიძე.
ქალაქის მერის გადადგომის მოთხოვნით კაფე “სავანეს” მფლობელები აქციებს 26 ივნისიდან მართავდნენ.