“აქ დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს და ბუნებრივია, ისინი არ
მოდიან სამუშაოდ აბსოლუტურად სამართლიანად.” – ეს განცხადება ქუთაისში, ტაბიძს ქუჩაზე სარებილიტაციო სამუშაოების შესახებ სოციალურ ქსელშ მომხმარებელმა ანა ჭეიშვილმა გამოაქვეყნა. მისივე ინფორმაციით, შეჩერებული სამუშაოები მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. გზაზე გადაადგილოება შეუძლებელია.
“ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია. აქ დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს და ბუნებრივია, ისინი არ მოდიან სამუშაოდ აბსოლუტურად სამართლიანად. დღეს ძლიერი ქარის პირობებში მთელი ქალაქის ქუჩების ნაგავი თავზე გვაყრია. სახლებშიც ისეთივე სიბინძურეა, როგორც გარეთ. ეტყობა, მაღალი ჯიპებიდან და გრილი კაბინეტებიდან ანტისანიტარიას ვერ გრძნობთ, რომელიც, სხვათაშორის, თავად გამოიწვიეთ. მუშებს გადაუხადეთ ხელფასები და დააბრუნეთ სამუშაო ადგილებზე. ხვალ ისედაც შემომაქვს საჩივარი”,-წერს ანა ჭეიშვილი.
ქუთაისის მერიის ინფრატსრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ პრობლემა ტენდერში გამარჯვებულ და კონტრაქტორ კომპანიას შორის შეიქმნა, რამაც სამუშაოების შეფერხება გამოიწვია. სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის თქმით, პრობლემის მოგვარებაში მერია ჩართულია.
“ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოებს ასრულებს შპს “ჯეო სერვისი”, რომელსაც დაქირავებული ყავს კონტრაქტორი ფირმა. კონტრაქტორი ფირმა აღნიშნულ ქუჩაზე აწარმოებდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ ორ კომპანიას შორის წარმოიშვა გაურკვევლობა, თუმცა საკითხების გარკვევაში ჩართულია ქალაქის მერია და უახლოეს პერიოდში გადაწყდება პრობლემა. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სამუშაოები. არსებობს მოსაზრებები, თითქოს და ქალაქის მერიამ არ გადაიხადა თანხა და ამიტომ შეჩერდა მუშაობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.”- განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა.
შეგახსნებთ, ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “ჯეო სერვისი” ახორციელებს. მან მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 1 077 306 ლარად გაიმარჯვა.