ქუთაისში 20-მდე ბავშვსა და მოზარდს კრიზისული ინტერვენციის
პროგრამაში მონაწილეობის საშუალება მიეცემა. პროგრამა განკუთვნილია 6-დან 18 წლამდე ასაკის იმ ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთაც არ აქვთ განვითარების შეფერხება, მაგრამ აქვთ ქცევითი და ემოციური სირთულეები. პროგრამას ორგანიზაცია “ღია სახლი” განახორციელებს, რომელიც ქუთაისის მერიის ,,ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის” ფარგლებში დაფინანსდება.
“ძალიან ბევრი ბავშვია, რომელთაც აქვს ქცევითი და ემოციური სირთულეები და სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება. იმის გამო, რომ აღნიშნული გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, ვერ იღებენ ამ სერვისს. კრიზისული ინტერვენციის პროგრამაში უფასოდ მონაწილეობის საშუალება 20 ბავშვსა და მოზარდს მიეცემა. თითოეულ ბავშვთან მუშაობა 8 ვიზიტისაგან შედგება და მოიცავს როგორც მშობლის ფსიქო-განათლებას, ასევე ბავშვის ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას,”-განაცხადა “ღია სახლის” წარმომადგენელმა, ლილე ყაზაიშვილმა.
ორგანიზაცია “ღია სახლი” ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევს ბავშვებს, მოზარდებს, მშობლებს, ოჯახებს და სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს. აწარმოებს ფართო სპექტრის ფსიქოლოგიურ მომსახურებას. “ღია სახლი” 2017 წელს დაარსდა.