საქართველოს მთავრობის N212 დადგენილებით მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი
და პირობები გაისაზღვრა. მრავალშვილინ პირებს შესაბამის სტატუსს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიანიჭებს.
როგორც რადიო “ძველ ქალაქს” სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განუცხადეს, მთავრობის დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება, სრულიად უფასოდ მოითხოვოს სტატუსის დადგენა.
“დღემდე აღნიშნული სტატუსის დადგენისთვის არ იყო განსაზღვრული ერთი საერთო წესი და პასუხისმგებელი უწყება. დადგენილების თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება: საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი ან ნაშვილები. ადრე მრავალშვილიანად ითვლებოდა 7 შვილი და მეტი. ახლა არის 4 შვილი და მეტი. სტატუსი ენიჭება არა ოჯახს, არამედ კონკრეტულ პირს.მრავალშვილიანიმშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი – დედაც და მამაც.”- განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის ფილიალის უფროსმა მამუკა ბერაძემ.
სტატუსის დადგენისათვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება დაუდგინდეს როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი შვილების მშობელს;
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენა სრულიად უფასოა და გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს მიიღება.