18 მაისს ქუთაისში ყველის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი მეორედ ჩატარდება და ის ქართული ყველის გამოფენა-გაყიდვას მოიცავს. ღონისძიება 12:00-დან 19:00 -მდე გაგრძელდება. პროგრამა ქართული ტრადიციული და უძველესი რეცეპტებით ყველის ამოყვანისა და ძველი იმერული კერძების დამზადების მასტერკლასებს გულისხმობს.
ფესტივალს იმერეთიდან სხვადასხვა პროდუქტების მწარმოებლები შეუერთდებიან.
გამოფენას ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი, ანა მიქაძე; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი, დალი ცატავა; გასტრონომიული კულტური მუზეუმის დამფუძნებელი, ესმა კუნჭულია ესტუმრებიან.
“უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს და გვაქვს მოლოდინი, რომ ტურისტები დაინტერესდებიან ამ ღონისძიებით. ჩვენი მიზანია ქართული გასტრონომიისა და ქართული ყველის პოპულარიზაცია. ქართული ყველი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქართული ღვინო. ჩვენ მას ღვინის პარალელურად განვიხილავთ. ქართული ყველი ტურისტული პროდუქტი უნდა იყოს,”-განაცხადა ქუთაისის ტურიზმის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, მარი დევიძემ.
ყველის ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს “ჩვენი კვარტეტი”.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე