რეზო ჭეიშვილი დღეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა გაიხსენეს.
შეხვედრას მწერლისა და სცენარისტის მეუღლე, მარინა ვერულაშვილიც ესწრებოდა. რეზო ჭეიშვილს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.
“დღეს მას 86 წელი შეუსრულდებოდა. სიკვდილზე არ ფიქრობდა, თუმცა მე ყოველთვის მეშინოდა. პირველ რიგში, დღევანდელი დღე ჩემთვის დიდი ტკივილია, მაგრამ იმის გამო რომ ის ხალხს ახსოვს, დიდი სიხარულის მომტანიცაა,”-განაცხადა მწერლის მეუღლემ და მწერლის მიერ შექმნილი მისი რჩეული ნაწარმოების შესახებ ისაუბრა. მარინა ვერულაშვილის თქმით, “მუსიკა ქარში” რეზო ჭეიშვილისა და მისი ოჯახის ცხოვრებას ასახავს, რაც ნაწარმოებს განსაკუთრებულს ხდის.
რეზო ჭეიშვილი 1933 წელს ქუთაისში დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის ვაჟთა VIII საშუალო სკოლაში. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლისას გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობები ალმანახ “პირველ სხივში” და ჟურნალ “ცისკარში”.
1961-1992 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში რედაქტორად, სასცენო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების ერთ-ერთ ხელმძღვანელად. თანამშრომლობდა ჟურნალებთან “ცისკარი” და “საუნჯე” (მთავარი რედაქტორის მოადგილე).
რეზო ჭეიშვილი არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის (“მზიანეთი”, “ზღვის მგელი”, “ავტოპორტრეტი”, “ფედია”, “ჩემი მეგობარი ნოდარი”, “გამოაღეთ ფანჯრები”, “გათენების წინ”, “ჭიდაობას რა უნდა”, “ექსპრეს – ინფორმაცია”) სცენარის ავტორი.
მწერალი 2015 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.