შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო. 1955 წელს დაბადებული დ. კ. და 1968 წელს დაბადებული თ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
“სამართალდამცველებმა დ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება (327 გრამი) – “ჰეროინი” ამოიღეს. მეორე ბრალდებულის თ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ზესტაფონის რაიონის სოფელ წევას ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”-ს შემცველი ფხვნილი ამოიღო.”- აცხადებენ სამინისტროში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.