რა არის სექსუალური შევიწროება, რა შედეგებს იწვევს სექსუალური შევიწროება ადრესატში
და როგორია სექსუალური შევიწროების დადასტურებისთვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი. აღნიშნული თემების შესახებ ქუთაისში იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და ეფექტური რეაგირების მექანიზმის დანერგვის აუცილებლობაზეც გამახვილდა.
როგორც “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი ანა თავხელიძე ამბობს, სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოების ცონდა მწირია, რასაც საკანონმდებლო ბაზის არ არსებობა უწყობს ხელს.
“სექსუალური შევიწროება ნებისმიერი სახის არასასურველ ქცევას მოიაზრებს, რომელიც არის სექსუალური შინაარსის მატარებელი და რომელიც ადრესატში იწვევს ღირსების შელახვას ან ქმნის მტრულ გარემოს. მას ძირითადად ორი მიმართულებით განიხილავენ. ეს არის საჯარო სივრცეში და დასაქმების ადგილას,”-განაცხადა ანა თავხელიძემ და აღნიშნა, რომ სექსუალური შევიწროება ხშირია საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. მისივე განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც სტუდენტს აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ავიწროებენ.
ანა თავხელიძე ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლმა ქალებმა საკითხზე ხმამაღლა უნდა ისაუბრონ და სასამართლოს ან სახალხო დამცველს მიმართონ. მისი თქმით, პრობლემის აღმოფხვრაზე ერთი მხრივ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ხოლო მეორე მხრივ პასუხისმგებლობა დამსაქმებელმა აიღოს.