ქუთაისის მერია “მადლიერების სახლის” კედელზე სტენსილის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მერიაში ამბობენ, რომ კედელი ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში მოიხატა.
“2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის “ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა” ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული ააიპ “ფესტივალი 1862” გახდა პროექტით “ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ნიკო 2019″. პროექტის ფარგლებში მადლიერების სახლის კედელი მოიხატა,”-აცხადებენ მერიაში.
ნახატის ავტორი თინა ჩერტოვაა. მისი განცხადებით, კედელზე თამარ ზამთარაძის პორტრეტია გამოსახული, რომელიც ახალგაზრდა აქტივისტია.
,,ნახატი იყო შექმნილი ჩემი ორ წლიანი პროექტის ფარგლებში სახელად ” დრიმინგსტანი”(მეოცნებეთა ქალაქი). ის აღწერს საქართველოში არსებულ მდგომარეობას 90-იანი წლების შემდეგ, სადაც პერსონაჟები ებრძვიან რეალობას, პრობლემებს და ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ მომავალი. ახალი პორტრეტი, რომელიც ,,მე-13 პორტრეტის” სერიაში შევიდა, არის თამარ ზამთარაძის. ის მოგვითხრობს ქართველი გოგონას ისტორიას. ეს არის აქტივისტი (გენდერული თანასწორობა), სოციალური პროექტების ავტორი, როგორიცაა – “აღადგინე” (ბორჯომის ტყის აღდგენა). ამ პორტრეტის დახატვა ქუთაისში გადაწყდა იმიტომ, რომ სოციალურ თემას ეხება და პროექტის ფარგლებში ბევრი “მონაწილე” არის ჩართული. თამარ ზამთარაძე არის ქუთაისიდან, ამიტომ ყველაზე თემატური პორტრეტი დაისვა ქუთაისში,”-აცხადებს ნახატის ავტორი თინა ჩერტოვა.
ფოტო: ქუთაისის მერია