საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა” ორი თვის წინ 40-მდე ჭიათურელმა ახალგაზრდამ შექმნა.
ორგანიზაციის წევრები ჭიათურაში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას აპროტესტებენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ მათ წერილები და მიმართვები სხვადასხვა უწყებებში გააგზავნეს, მათ შორის ჭიათურის მერიასა და საკრებულოში. მათ სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვეს.
“წერილი გავაგზავნეთ 4 ადრესატთან, საკრებულო, მერია, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” და კომპანია, რომელიც ქალაქში მოპოვებული მადნის გადაზიდვებზეა პასუხისმგებელი. ვითხოვდით, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი და არ მომხდარიყო მადნის ტრანსპორტირება ქუჩებში მძიმეწონიანი მანქანებით. ალტერნატივად განხილულიყო რკინიგზა. გვქონდა მეორე მოთხოვნაც, რომ უფრო მეტი ფინანსური რესურსი დარჩენოდა ქალაქს იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალურად ყოველწლიურად ქალაქიდან 500 მილიონი ლარი გადის,”-განაცხადა მოძრაობის თავმჯდომარემ ნოდარ ჩაჩანიძემ.
ორგანიზაციის წევრები ყურადღებას ამახვილებენ მუნიციპალიტეტში ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელზე.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავუგზავნეთ წერილი. მოვიკითხეთ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. მოგვწერეს საკმაოდ დიდი წერილი, სადაც ჩამოთვლილი იყო დამაბინძურებელი ნივთიერებები. მანგანუმის ორჟანგის შემცველობა ჰაერში კი საერთოდ არ იყო ნახსენები,”-აცხადებს ჩაჩანიძე.
საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათ მარტის თვეში დაგეგმილი აქცია ქალაქის მერიამ ჩაუშალა. “მომავლის ჭიათურა”-ში აცხადებენ, რომ დაგეგმილი აქციები კვლავ გაგრძელდება.
ფოტო: “მომავლის ჭიათურა”