ქუთაისში მდუმარე აქცია-პერფორმანსი “დარჩი სახლში” გაიმართა.
მონაწილეებმა ქუთაისის მერიასთან ჩემოდნები მიიტანეს. მოძრაობა “ერთად სახლში” წევრებმა თანამოქალაქეებს საქართველოში დარჩენისა და თავიანთი უფლებების დაცვისაკენ მოუწოდეს.
“2012 წლიდან დღემდე ქვეყანა მილიონამდე მოქალაქემ დატოვა. ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისათვის მაჩვენებელი ტრაგიკულია. ქვეყანაში დარჩენილ პირებს მოვუწოდებთ, რომ არ დატოვონ სამშობლო და შეცვალონ მომავალი,”-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე თედო მესხმა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას სთხოვენ.
“გვინდა ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ახალგაზრდები, რომელთაც ემიგრაციაში წასვლა არ უნდათ. მივიღეთ გადაწყვეტილება, დავრჩეთ საქართველოში და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. მოვუწოდებთ სხვებსაც, რომ გამოიყენონ თავიანთი რესურსი საქართველოსთვის,”-განაცხადა აქციის მონაწილემ გივი ლორთქიფანიძემ.
ორგანიზატორები აქცია-პერფორმანსის გამართვას სხვადასხვა ქალაქშიც გეგმავენ.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”