30-31 მარტს ქუთაისში სასტუმრო გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა

ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებში ქალების გაძლიერებას ემსახურება.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე გახსნიან.

ორდღიანი ფორუმის მიზანი ქალთა გაძლიერებაში ბიზნესკომპანიების როლის აღნიშვნა და წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენაა. ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ 11 აქტივობას, რომლებიც სხვადასხვა ადგილას გაიმართება.

მონპლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზებული აქტივობები გააერთიანებს სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით თამაშს, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, ქოუჩინგის მასტერკლასებსა და საინფორმაციო სტენდებს. ფორუმი ელექტრონული მუსიკის პერფორმანსით დასრულდება, რომელსაც ახალგაზრდა ქალი კომპოზიტორების ჯგუფი წარადგენს.

სლოგანი – “გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით”, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ამ კამპანიისთვის შერაჩია, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირების გაუმჯობესებას კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან. კამპანია ეყრდნობა ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ 2010 წელს შემუშავდა. აღნიშნული პრინციპები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესს, რათა მან ხელი შეუწყოს ქალებს სამუშაო ადგილებზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. ფორუმი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი წელს საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში – ბათუმსა და ზუგდიდშიც – ჩატარდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *