“ვითხოვთ ღირსეულ მოპყრობას, შრომის შესაბამის ანაზღაურებას”,
“სისტემამ გვაქცია ძალადობის მსხვერპლად”. – აცხადებენ იმერეთში მომუშავე სოციალური მუშაკები. ამ და სხვა საპროტესტო განცხადებებით ისინი ქუთაისში, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან დილიდან შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ბენეფიციარებისათვის ეფექტური მომსახურეობის შექმნაა.
“ჩვენი მოთხოვნაა, რომ სისტემური ცვლილებები დაიწყოს, რომ ბენეფიციარებმა მიიღონ ადეკვატური მომსახურეობა. ამისათვის საჭიროა სახელმწიფომ განსაზღვროს რესურსი. ძალიან ბევრი საქმეა, ფიზიკური რესურსი არაა, რომ საქმე გავაკეთოთ. ვმუშაობთ ძალიან ბევრს ზეგანაკვეთურად და ეს ჩვენი უფლებების დარღვევაც არის. ხელფასის უმეტესი ნაწილი მიდის მგზავრობაში, ჩვენი ხარჯებით ვიხდით დაზღვევის თანხას, დაემატა ამას საპენსიო ფონდის თანხა. შეუძლებელია ამ პირობებში ხარისხიანი მომსახურეობა შესთავაზო ბენეფიციარებს”.- აცხადებენ გაფიცული სოციალური მუშაკები.
ქუთაისში მომუშავე სოციალურ მუშაკებს კოლეგები იმერეთის დანარჩენი მუნიციპალიტეტებიდან შემოუერთდნენ. გაფიცულებს სოლიდარობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს. ისინი აქცია მერიასთანაც გამართავენ. ამის შემდეგ კი დღესვე თბილისში გამგზავრებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარე წლის რვა თებერვალს დაიწყეს, თუმცა თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა.