განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ცენტრმა დაინტერსებულ
პირებს საგრანტო კონკურსის პირობები გააცნო. პროექტის სახელწოდებაა “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის – სოციალური სერვისების მიმწოდებლების მხარდაჭერა რეგიონებში”. პროგრამა მრავალკომპონენტიანია და ის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოების გაძლიერებასაც მოიცავს. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ქალთა ჯგუფებთან, რადგან როგორც ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ლია კილაძე ამბობს, ისინი ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან, როცა შშმ პირთა მშობელს წარმოადგენენ.
“საგრანტო კონკურსი გამოცხადებულია იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ახალი სერვისების ინიცირებას. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 26-მდე ორგანიზაციამ გამოხატა. მათ სურთ, რომ მონაწილეობა მიიღონ განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, რეკრეაციის მიმართულებით სერვისების შექმნაში, რომელიც შშმ პირთა ჩართულობასა და მათ გარემოში ინტეგრაციას მოიცავს,”-განაცხადა ლია კილაძემ.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 17 მარტია.
პროექტის ყველა ეტაპი 2021 წელს დასრულდება.