ქუთაისის საქალაქო სასმართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.
სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები, ავტოტექნიკის ექსპერტი ზაქარია თეთრაძე და იოსებ ჭელიძე დაიკითხნენ.
“შესწავლილი იქნა შემთხვევის შედეგად დატოვებული ავტომანქანის კვალი. ტექნიკური თვალსაზრისით, მოვლენები შეიძლება განვითარებულიყო ისე, როგორც მერაბ კვირიკაშვილი ამბობს. ადგილი აქვს მძღოლის უხეშ ჩარევას, ის გადავიდა სხვა სამოძრაო ზოლში და შემდეგ მოხდა ავტომობილის მოცურება. შეეძლო თუ არა კვირიკაშვილს დამუხრუჭება, ეს დაუდგენელია. მან საჭე მარჯვნივ აიღო, რაც არ ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის წესებს. ეს იყო ინსტიქტური და არა გააზრებული ქმედება,”-განაცხადა ზაქარია თეთრაძემ.
“ექსპერტებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მერაბ კვირიკაშვილს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო. შემთხვევა მისი ბრალეულობით არ მომხდარა,”-განაცხადა კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ.
შემდეგი სხდომა მარტის თვეში ჩაინიშნა.
პროცესს მოსამართლე თეიმურაზ კაპანაძე უძღვება.
შეგახსენებთ, რომ სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის – ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლეც ემსხვერპლა, გარდაიცვალა კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”