ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ბექა კუპატაძე

 

კონკურსის “წერილი მსოფლიო ლიდერს” გამარჯვებული გახდა. კონკურსი პროექტის ” მომავლის თაობა” ფარგლებში განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრმა გამოაცხადა. მოსწავლე წერილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერს.

“საკმაო დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი სათქმელისთვის თავი მომეყარა და თქვენამდე მომეტანა.

უკვე საუკუნეებია, რუსეთი სხვა ერების მიმართ ახორციელებს აგრესიულ და დამპყრობელ პოლიტიკას. ამ პოლიტიკამ იმსხვერპლა მილიონობით ადამიანი, არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების, არამედ შიმშილისა და რეპრესიების გზითაც. რუსეთის ამ პოლიტიკამ გამოიწვია ერებისა და მათი კულტურების განვითარების წყვეტა, მათ შორის რუსი ერისაც. მუდმივი ჩაგვრისა და ძალადობის ქვეშ მყოფმა ერებმა შეწყვიტეს სიახლეებისა და აღმოჩენების ძიება. იმის ნაცვლად, რომ მათში გავრცელებულიყო განათლება და ამის საფუძველზე ხელოვნება და მეცნიერება განვითარებულიყო, პირიქით მოხდა. განვითარების ნაცვლად ამ სფეროებში უკუსვლა და ჩამორჩენა დაიწყეს. ისინი ეძებდნენ არა ცოდნას, არამედ გადარჩენას.

ბატონო ვლადიმერ, წარმოიდგინეთ, რომ არა ის ძალადობა და წნეხი, რომელსაც სხვადასხვა ერები საუკუნეების განმავლობაში განიცდიდნენ ჯერ მეფის, შემდეგ კი საბჭოთა რუსეთის მხრიდან, განვითარების რა დონისთვის შეიძლებოდა, რომ მათ მიეღწიათ, მათ შორის რუსეთსაც. რუსეთი თავის ძალ–ღონეს სხვა ერების და სახელმწიფოების დასაპყრობად იყენებდა, ეს ერები კი ძალისხმევას გადასარჩენად იყენებდნენ.  ამიტომ ვერ განვითარდა, ვერც რუსეთი და ვერც მის მიერ დაპყრობილი ერები. წარმოიდგინეთ, რამდენი აღმოჩენა და შედევრი დაკარგა მსოფლიომ ამ გაუთავებელი ომებით და ძალადობით.

სამწუხარო ის არის, რომ რუსეთის ამგვარი პოლიტიკა წარსულში არ დარჩენილა, ის აწმყოშიც გრძელდება, თქვენი მმართველობის დროსაც. საქართველო და უკრაინა ნათელი მაგალითებია, რომლებიც თქვენი აგრესიული და უკომპრომისო პოლიტიკის სიმწარეს დღესაც განიცდიან. რუსეთს ოკუპირებული აქვს ამ ქვეყნების ტერიტორიები. რუსეთის ჩარევით, ამ ქვეყნებში მოხდა ძმათა სისხლისმღვრელი ომები, რამაც ამ ქვეყნებს მოუშუშებელი იარები დაუტოვა, იარები რომელთა კვალიც ძალზედ რთული წასაშლელი იქნება.

ბატონო ვლადიმერ, ნუთუ საუკუნეების განმავლობაში ომმა, რეპრესიებმა და შიმშილმა საკმარისად ბევრი ადამიანი არ იმსხვერპლა იმისათვის რომ ეს ყოველივე შეწყდეს?! ნუთუ მილიონობით დაღუპული ადამიანი და მათ მიერ დაღვრილი სისხლი ამისთვის არ კმარა?

ჩვენ ადამიანებს, თავისუფალი ნება თვით ღმერთმა მოგვმადლა. თქვენი აგრესიული პოლიტიკა კი სწორედ ღვთის მიერ ბოძებულ ამ უდიდეს საჩუქარს გვართმევს და გვიზღუდავს. თუკი ვაზს ყოველდღე გავსხლავთ მას ყლორტები ვერ განუვითარდება და ნაყოფს ვერ მოგვცემს, უფრო მეტიც, ის გახმება. ადამიანებიც, ერებიც და ქვეყნებიც ასე ხდებიან, თუ მათ შეზღუდავ და მარწუხებში მოაქცევ ისინი “ნაყოფს” ვერ მოგვცემენ ვერ განვითარდებიან.

თქვენ, დიახ, სწორედ თქვენ გაქვთ ის გავლენა და ძალაუფლება, რომლითაც ამ ყველაფრის დასრულებაა შესაძლებელი. თქვენვე შეგიძლიათ დაასრულოთ ძალადობის მრავალსაუკუნოვანი ერა და შეხვიდეთ ისტორიაში, არა როგორც მოძალადე, არამედ როგორც ერებზე ძალადობის დამსრულებელი ლიდერი,”-ნათქვამია წერილში.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *