შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის.
სააგენტოს ოფისები 8 თებერვლიდან 1-ლ მარტამდე მომხმარებელს განსხვავებულ რეჟიმში მოემსახურება. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყველა სერვისცენტრი 09:30 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს. შაბათს კი სააგენტოს თანამშრომლები სამსახურეობრივ მოვალეობას 09:30 საათიდან 18:00-მდე შეასრულებენ.
სამუშაო რეჟიმში ცვლილებები ბოლო დღეებში სააგენტოსადმი მიმართვიანობის ზრდამ გამოიწვია.
“მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს სერვისცენტრები 8 თებერვლიდან 1-ლ მარტამდე მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადიან. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში ზემო აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობები ყოველდღიურ რეჟიმში იცვლებოდა, მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა ბოლო დღეებში, რის გამოც სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის,”-აცხადებენ სააგენტოში.
2014 წლის 1-ლ მარტამდე გაცემულ C, D და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1-ლ მარტს ეწურება. ცვლილება არ ეხება B კატეგორიის მართვის მოწმობებს.
ქუთაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ერთი სერვისცენტრი ფუნქციონირებს.