საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მიმართავს.
უწყება მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ნარჩენების წვის დროს ზედამხედველობისაკენ მოუწოდებს.
“ბოლო პერიოდში, გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, წინა წლის მოსავლის ნარჩენებს წვავენ. ასევე, ხშირად მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ ცეცხლის შეკავებასა და ხანძარი მასშტაბურ ტერიტორიებზე ვრცელდება. არის შემთხვევები, როდესაც დაგვიანებით ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გამოძახება,”-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
პრევენციის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საქართველოს ათივე რეგიონში, გუბერნიებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო. იქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე გააკონტროლებენ ხანძრების დამატებით ტერიტორიებზე გავრცელების რისკებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა მსგავსი შემთხვევების დროს, არ შეუქმნან საფრთხე ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს.