2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით მხილებულ იქნა 116 პირი.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 4 მხილებული იყო გაუპატიურების ჩადენაში, 2 – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში, 24 – გარყვნილი ქმედების ჩადენაში, 86 – 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში.
“არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდელბლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ,”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით, დანაშაულის პრევენციას.