საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრა მოსახლეობისაგან სხვადასხვა საკითხზე აზრის დაფიქსირებასა და ინფორმაციის მიღებას მოიცავდა.
საბჭოს წევრებთან შეხვედრისას ადგილობრივებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება მათთვის სასურველი ტელეგადაცემების შესახებ და იმსჯელეს, თუ რამდენად ენდობა მოსახლეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებს.
“ეს არის მნიშვნელოვანი კამპანია, რომლის დროსაც ვცდილობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უკეთესი გახდეს. ის უფრო ახლოს იყოს მაყურებელთან. ძირითადად, მოსახლეობა გადაჩვეულია ტელევიზორის ყურებას. ისინი ძირითად ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებენ. დავადგინეთ, რომ ბევრი გადაცემა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის მოსახლეობამ იცის. ასე თუ ისე ნდობის მაჩვენებელიც არის საინფორმაციო გამოშვების მიმართ. ჩემი აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აკლია გადაცემების რეკლამა,”-განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის იმერეთის რეგიონის კოორდინატორმა ნუგზარ კოხრეიძემ.
“მსგავსი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან გვეხმარება იმაში, რომ უკეთ დავინახოთ ის შედეგი, რაც გვაქვს. საინტერესოა, რა სახის გადაცემებს უყურებს მაყურებელი. მათ სურთ, რომ საინფორმაციო გადაცემებში უფრო მეტად აქტიურად შუქდებოდეს ამბები რეგიონებიდან,”-განაცხადა საბჭოს წევრმა იზაბელა ოსიპოვამ.
სამეურვეო საბჭოს წევრები შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გამართავენ.