შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ლ თებერვალს ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ძმას – 1994 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს გადაჭრილი თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, გ.ფ. მომხდარიდან მალევე, სოფელ მარტოთუბანში დააკავა,”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.