ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გასული თვის აქტივობები შეაჯამეს.
ენჯეო სექტორის წარმომადგენლებმა მომავალი თვის გეგმებზეც ისაუბრებს. შემაჯამებელი შეხვედრა “სამართლიანი არჩევნების” რეგიონალურ ოფისში გაიმართა.
“სამართლიანი არჩევნების” მომავალი თვის სამოქმედო პროგრამაზე ორგანიზაციის რეგიონალურმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა ისაუბრა. ორგანიზაციის წევრები მომავალი თვიდან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ENEMO-ს მისიით უკრაინაში გაემგზავრებიან და საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან.
“მოგვიანებით გვექნება საშუალება, რომ საზოგადოებას ENEMO-ს დასკვნები გავაცნოთ. რაც შეეხება ადგილობრივ სიახლეებს, ვიწყებთ მზადებას შუალედური არჩევნებისთვის. არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება. ახალ მერებს ჭიათურასა და ზუგდიდში აირჩევენ,”-განაცხადა თეონა გოგიშვილმა.
გასულ თვეში საიას ქუთაისის ფილიალმა გასვლითი შეხვედრები დაასრულა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. შეხვედრები ჩატარდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებმა იანვრის თვეში გახმაურებულ საქმეებზე, ჰესებისა და ხარაგაულში სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით იმუშავეს. ასევე, რეგიონალურ ოფისში ახალი საპენსიო რეფორმის შესახებ მსჯელობა მრგვალი მაგიდის ფორმატში მოეწყო. აღნიშნული ანგარიში საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ წარადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო შეხვედრა ყოველი თვის ბოლოს ეწყობა.