ქუთაისში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს.
შეხვედრა საიას ქუთაისის ფილიალში მოეწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წევრებმა ახალი სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს.
“სისტემაში ჩართვა არ არის ნებაყოფლობითი, შესაბამისად, ჩნდება საშიშროება ხომ არ მოხდება დასაქმებულთა ხელფასების შემცირება. საინტერესოა მოქალაქეების აზრი ამ თემაზე. სახელმწიფო არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს ჩვენი თანხის შენახვასთან დაკავშირებით. დღევანდელი საბაზრო ეკონომიკა იმდენად დაუბალანსებელია, რომ შესაძლებელია საქმე გვქონდეს კრიზისთან,”-განაცხადა საიას იურისტმა მელანო ჩხეიძემ.
“მივესალმები რეფორმებს, რომლებიც ხალხის კეთილდღეობაზე იქნება მორგებული. ჩემში კითხვის ნიშანს იწვევს ის ფაქტი, თუ რამდენად შეიძლება ენდო ამ რეფორმას. ჩემ მიერ გადახდილი საშემოსავლოს 20 პროცენტი ჩემს უზრუნველ სიბერეზე არ მოქმედებდა თუ ეს რეფორმა ამის გარანტიას მომცემს მისასალმებელია,”- განაცხადა მარიკა ვაჭარაძემ.
რეფორმის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქე საპენსიო ფონდში ყოველთვიურად შეიტანს დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტს, 2-2 პროცენტს შეიტანენ დამსაქმებელი და სახელმწიფოც.