სადგურ “სამტრედია I-ში” სამორიგეო კოშკურიდან
56 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ინფორმაციით, შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გასულ წელს შეამოწმა სს ,,საქართველოს რკინიგზა” და სამუშაო პროცესში, შრომის უსაფრთხოების დარღვევის უამრავი ფაქტი იქნა გამოვლენილი.
“გაცემული სარეკომენდაციო წერილი შვიდას გვერდს შეადგენს. აგრეთვე ძალაში შევიდა და ამოქმედდა ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონი, რომელიც დამსაქმებელს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ.რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში”,- აცხადებენ პროფკავშირებში.
მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირებიც გამოთქვამს.
“საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი გამოხატავს ღრმა მწუხარებას და უათანაგრძნობს საწარმო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი რკინიგზელის ოჯახს.სახელმწიფოს და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას კი მოუწოდებს, რომ გამოვლენილი იქნას მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა, რათა მომავალში თავიდან იქნას არიდებული ადამიანური დანაკარგები.”შრომის უსაფრთხოება პირველ ადგილზე – ნებისმიერ ფასად””- წერია განცხადებაში.
სამტრედიაში დაღუპულ მუშას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
ფოტო, წყარო :რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი