განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის
ორგანიზებით და ორგანიზაციის “მშობლები საქართველოს მომავლისათვის” პარტნიორობით გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის “ჯადოსნური სამყარო” წლის შემაჯამებელი ღონისძიება “ჩვენი ამბების ნაძვის ხე”.
“განათლებისა და დასაქმების ცენტრისათვის ეს დღე ერთგვარი ტრადიციაა. დღევანდელი ღონისძიება ამ ცენტრის ბენეფიციარებისთვის მოეწყო. აქ არიან ჩვენი მეგობრები, პარტნიორები და ეს ერთგვარი შეჯამებაა და ანგარიშს ვაბარებთ მათ თუ რა გავაკეთეთ წლის მანძილზე. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრ ბავშვს ავუსრულეთ დღეს სურვილი”,- განაცხადა განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორმა, ნათია ნამიჭეიშვილმა.
ღონისძიებაზე მეგობრობის ნაძვის ხე წარმოადგინეს, რომელზეც დღის ცენტრისა და მეგობარი ორგანიზაციების მეგობრობისა და თანამშრომლობის ისტორიები გამოფინეს.
“გვქონდა პატივი დღევანდელი ღონისძიება განათლებისა და დასაქმების ცენტრთან ერთად განგვეხორციელებინა. კეთილი ადამიანების დახმარებით მათ სურვილები და ოცნებები ავუხდინეთ. აქამდეც ვთანამშრომლობდით, სამომავლოდაც ვგეგმავთ თანამშრომლობას და შევეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ბავშვებისათვის”,- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები საქართველოს მომავლისათვის” წარმომადგენელმა სოფიო კბილაშვილმა.
ბავშვებს ნობათი ქუთაისის მერიამაც გადასცა.
დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.