საკრებულოსთან არსებულმა გენდერული თანასწორობის
საბჭომ ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატანი ინიციატივები უკვე სამსახურის უფროსებთან დეტალურად განიხილა.
შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციისა და სამსახურის წარმომადგენლებისგან მოწოდებული კონკრეტული სტატისიკისა და მომაცემების ანალიზზე დაყრდნობით საბჭო უკვე საბოლოო ინიციატივების პაკეტს შეიმუშავებს. აღნიშნულ იდეებს გენდერული თანასწორობის საბჭო საკრებულოს 10 დეკემბრამდე წარუდგენს.
“შეხვედრაზე ვიმსჯელეთ მოხუცთა თავშესაფრის მოწყობის საკითხზე, მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისათვის სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფაზე, მორიგე ბაღის დამატებაზე, ბაღებთან მისასვლელი გზებისა და მიმდებარე ეზოების განვითარებაზე. მსჯელობა ეხებოდა კონკრეტულად იმას არის თუ არა ეს საჭიროებები ამ სამსახურების მხრიდან დაფიქსირებული, ხომ არ არის უკვე განსაზღვრული მომდევნო წლების სამოქმედო გეგმებში და რა პრაქტიკული მოსაზრებები აქვთ ამ იდეების განხორციელებასთან მიმართებაში. კონკრეტული სოციალური პროგრამების განხილვისას, დავინახეთ რომ მეტად ღიად და იოლად აღსაქმელად უნდა იყოს ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მიწოდებული მოსახლეობისათვის” – აღნიშნა ანა შალიკიანმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა.
გენდერული თანასწორობის საბჭო მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე არსებულ იდეებს შეკრავს და საკრებულოს რეკომენდაციების სახით წარუდგენს.
ბიუჯეტის საბოლოო ვერსია ქუთაისის საკრებულოს 10 დეკემბრამდე გადაეგზავნება. სხდომაზე განსახილველად კი ორი კვირის ვადაში გავა.
ქუთაისის საკრებულომ შენიშვნებით ბიუჯეტის პროექტი მერიას 26 ნოემბერს გადაუგზავნა.
ბიუჯეტის მოცულა 53 მილიონი ლარია.