მამუკა ახვლედიანი ქუთაისში ცხოვრობს. შშმ პირს მხედველობის პრობლემები ბავშვობაში დაეწყო, მე-8 კლასში,
როდესაც მეზობლის დახმარებასა და მისთვის ჩაკეტილი კარის გაღებას ცდილობდა. მამუკა მეორე სართულიდან გადმოვარდა, რასაც მოგვიანებით მხედველობის გაუარესება მოჰყვა.
შშმ პირს მეუღლე და 3 წლის შვილი ჰყავს. როგორც თავად ამბობს, მისი პრობლემა შვილთან ურთიერთობაში დაბრკოლებებს ვერ უქმნის, თუმცა, პრობლემები ოჯახს გარეთ, ქუჩაში გადაადგილებისას ექმნება. ტრანსპორტით გადატვირთულ ლოკაციებზე გადაადგილებაში მეუღლე ეხმარება, დამოუკიდებლად მხოლოდ ნაცნობ ქუჩებსა და ობიექტებში დადის. შშმ პირისათვის ქუთაისში არსებული გარემო არაადაპტირებულია.
“ქუთაისში ე.წ ღილაკიანი გადასასვლელი 3 ადგილას არის განთავსებული, ხოლო ხმოვანი შუქნიშნები არსადაა. საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრებში უნდა იყოს ხმოვანი ტაბლოები. კონსულტანტები გვეხმარებიან, მაგრამ მირჩევნია მე თვითონ გავეცნო, მე თვითონ გავაკეთო,”-ამბობს მამუკა ახვლედიანი.
ამჟამად მამუკა პედაგოგიური საქმიანობითაა დაკავებული. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, დღის ცენტრების წარმომადგენელ შშმ პირებს სიმღერას ასწავლის. თავადაც მღერის და იამაჰაზე უკრავს. მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში.
“დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, მინდა დამოუკიდებლად ვიარო, ვარჩინო ოჯახი, ჩემი შვილი, ღონისძიებებში დამოუკიდებლად მივიღო მონაწილეობა,”-ამბობს შშმ პირი.
მამუკა ცდილობს მიმდინარე მოვლენებს არ ჩამორჩეს და ინფორმაცია კომპიუტერით, უსინათლოთათვის განკუთვნილი ხმოვანი პროგრამით მიიღოს.
3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემური რჩება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, სხვადასხვა სერისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია გაამახვილოს ყურადღება იმ დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.
საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს ხელი 2009 წელს მოაწერა.