ნოემბერში ავტოგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით 80-მდე სადგურზე 240-მდე საწვავის სინჯს აიღებენ. ხარისხის კონტროლის მიზნით აღებული სინჯები ლაბორატორიულ შემოწმებას გაივლის.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, შემოწმდება როგორც ბრენდული, ასევე არაბრენდული ავტოგასამართი სადგურები. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი 8 000 ლარით დაჯარიმდება.
“დავიწყებთ კვლევას, რათა დავადგინოთ, რამდენად შესაბამისობაშია საწვავში ტყვიის შემცველობა. შემოწმებები იქნება მოულოდნელი და გაუფრთხილებელი,”-აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, წლის განმავლობაში უკვე შემოწმდა 10 ავტოსადგური და დარღვევა არც ერთ მათგანში აღმოჩენილა, გასულ წელს კი 3 ოპერატორი დაჯარიმდა.