ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე “დაჩების დასახლებაში” გაგოშაშვილების ოჯახი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს.
ოჯახში სულ ორი წევრია. ცოლ-ქმრის შემოსავალი თვეში 145 ლარს შეადგენს.
“მეუღლე შშმ პირია. სახელმწიფოსგან 100-ლარიანი დახმარება გვერიცხება, დევნილიცაა და ამიტომ კიდევ 45 ლარს ვიღებთ. ამ თანხით ვცხოვრობთ,”-ამბობს ქეთევან გაგოშაშვილი.
გაგოშაშვილებს სოციალური დახმარება მოუხსნეს. ცოლ-ქმარს არც შინაური ფრინველი ჰყავს, პირუტყვი კი მატარებელმა მოუკლა.
“ჩემს შვილს, რომელიც ჩემთან არ ცხოვრობს, ბიძამ მანქანა აჩუქა და ამის გამო დახმარება შეგვიჩერეს,”-ამბობს ქეთევან გაგოშაშვილი.
გაგოშაშვილების ოჯახმა ზამთარში გასათბობად ტყიდან წაქცეული ხის მორი გამოიტანა, რის გამოც 500 ლარით დაჯარიმდა.
“წაქცეულ ხეს ხელი რომ მოკიდო, რა თქმა უნდა, დაგაჯარიმებენ. გამხმარი ხეები ტყდება, ტყდება ტოტებიც და ჩვენ მათ ვერ ვიყენებთ. მე პირადად გადავიხადე ჯარიმა 500 ლარი,”-ამბობს ქეთევან გაგოშაშვილი.
ადგილზე ცხოვრება რთულია დანარჩენი 22 ოჯახისთვისაც. მოუწერიგებელია გზა, არ არის საქალაქო ტრანსპორტი და ადგილობრივებს ტაქსის გამოძახება უწევთ.
“გზა ცუდია, ტრანსპორტი არ არის და ტაქსის ვიძახებთ ხოლმე. ტაქსი ხშირად მოსვლაზე უარს გვეუბნება. მიუვალ სოფლებში დააგეს უკვე გზა და ჩვენთან 500 მეტრი ვერ გაკეთდა. აქვე რეპრესირებულთა მემორიალია და ყოველ 22 რიცხვში მთავრობიდანაც მოდიან, თავიანთი თავი და მანქანები მაინც არ ეცოდებათ?”-ამბობენ ადგილობრივები.
მუხნარის ტყეში მოჭრილი ხე “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ გაგოშაშვილების ოჯახს მიუტანა. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობას დაზიანებული ხეების მოჭრის უფლებას არ აძლევს მაშინ, როცა ხეების უმეტესობა გამხმარია და მათ მოვლაზე არც შესაბამისი უწყებები ზრუნავენ. პარტიის წევრების განმარტებით, მოსახლეობა გამხმარი და წაქცეული ხეების შეშად გამოყენებისათვის ჯარიმდება, რაც არასწორია.